პარტნიორები

სპონსორები

პარტნიორები

მედია პარტნიორები

მხარდამჭერები

გამოფენები 2015

1

მაისი

წლის საუკეთესო ფოტოების გამოფენა

ფოტოკონკურსი ქოლგა 2015

გახსნის დრო: 20:00 სთ

შესვლა: უფასოა

 

მისამართი: კოსტავას ქ 14, თბილისი, Rooms Hotel Tbilisi

2015 წელს მონაწილე ქვეყნების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და დაახლოებით 40 ქვეყნიდან მივიღეთ ფოტო პროექტები. წლევანდელი ფოტოკონკურსი მრავალფეროვანი ისტორიების ძლიერი ფოტოპროექტებით გადმოცემის თვალსაზრისით გამოირჩევა. გვინდა დიდი მადლობა გადავუხადოთ ყველა ფოტოგრაფს, თავიანთი ამბების და ხედვების ჩვენთვის გაზიარებისთვის.

2

მაისი

შახ აივაზოვი, "ომის ხაზი"

კურატორი: დინა ოგანოვა

გახსნის დრო: 16:30 სთ

შესვლა: უფასოა

 

მისამართი: ი.გრიშაშვილის სახ.თბილისის ისტორიის მუზეუმი/ქარვასლა, სიონის ქ. 8

როდესაც ვეკითხები: „რომელი ომი იყო ყველაზე სასტიკი?“, მეუბნება: “გთხოვ, არ გამახსენო...“ მერე ვჩუმდები, რადგან ვიცი, როგორი რთულია იმ წუთების გახსენება, ისევ იქ, უკან დაბრუნება...

გამოფენაზე მოსული ადამიანები ნახულობენ ფოტოებს, რომლებიც „ლამაზად“ არის გაფორმებული ჩარჩოში, ზოგისთვის საინტერესო, ზოგისთვის - უბრალოდ, ფოტოა...
ფოტოგრაფისთვის, რომელიც ერთ დიდ სივრცეში ომის დროს გადაღებულ ნამუშევრებს ხედავს, ეს დიდი ტკივილია, რადგან ძალაუნებურად ისევ იმ დროში ბრუნდება. მისთვის ყველა კადრის უკან დგას რაღაც პირადი ისტორია, რომელიც ძალიან მძიმეა და რომლის გამოტანაც დღესაც კი ერიდება, ან შეიძლება, უბრალოდ, არც სურს.

მერე იწყებს... “ჩეჩნეთი იყო ყველაზე მძიმე და სასტიკი“ და მერე ისევ ჩერდება.
რთულია იმ ყველაფრის გახსენება, მესმის... არ უნდა კონკრეტული ისტორიის მოყოლა. ყველა ომს უბედურება მოაქვს. ამიტომ არაფერს გამოყოფს, აჩვენებს ფოტოებს, გვახსენებს იმ წლებს, სადაც არ უნდა დავბრუნდეთ, არასდროს! „1986 წელს პატარ-პატარა მიტინგები დაიწყო, მერე 9 აპრილი, მერე აფხაზეთი, ყარაბაღი, ჩეჩნეთი... სულ მეკითხებიან: ფერად ფოტოებს არ იღებდი ომში? ამაზე ერთი პასუხი მაქვს: ომი არ შეიძლება იყოს ფერადი, იგი ყოველთვის შავ-თეთრია, რადგან ყველაფერს გვართმევს, რაც ფერადი გვაქვს გარშემო.

მეკითხებიან : რატომ აირჩიეთ ომის ფოტოგრაფობა? მე არაფერი ამირჩევია, თვითონ ამირჩია, დრომ და პოლიტიკამ თავისი როლი ითამაშა. ეს შიშის მომენტიც ქრება, არ გაქვს ამაზე ფიქრის დრო. ერთად როდესაც ვართ, ცრემლი გდის, მაგრამ მაინც იღებ ფოტოებს. ყველას აქვს თავისი იარაღი და მეც ჩემი მაქვს, რომელსაც ფოტოაპარატი  ჰქვია. შეძლებისდაგვარად ეხმარები ადამიანებს - არ აქვს მნიშვნელობა, რომელი მხარეა, ადამიანი ყველგან ადამიანია. 22 წელია ვიღებ ომს... დავიღალე, თუმცა, ალბათ, ჩემი ბედისწერა იყო. ვთვლი, რომ კარგ საქმეს ვაკეთებდი, ვაკეთებ და გავაკეთებ, სანამ შევძლებ“.

შახ აივაზოვი იმ ფოტოგრაფების რიცხვს მიეკუთვნება, ვისიც უზომოდ მადლობელი ვარ და დიდ პატივს ვცემ, რადგან შეძლო და დღემდე ჩვენამდე მოიტანა ის თანამედროვე ისტორია, რომელზეც ჩვენ დღეს ვიზრდებით.

დინა ოგანოვა

 

2

მაისი

სოლ რობინსი, თავდაპირველი მიღება

კურატორი: თინა შელჰორნი

გახსნის დრო: 16:30

შესვლა: უფასოა

 

მისამართი: ი.გრიშაშვილის სახ.თბ. ისტორიის მუზეუმი, სიონის ქ. 8

თავდაპირველი მიღება იკვლევს პროფესიონალი მანჰეტენელი ფსიქოთერაპევტების ოფისის გარემოს და ცარიელ სკამებს, კლიენტების თვალთახედვით. ამ პოზიციის ხაზგასმით, მინდა მივანიშნო ამ ძალიან პირადული სივრცის დანახვით გამოწვეულ აღქმებზე, ასოციაციებსა თუ რეაქციებზე და ამ გარემოში მიმდინარე პროცესებზე. ბევრისთვის ფსიქოთერაპევტის როლი მნიშვნელოვანია და ის განსაკუთრებული ფუნქცია, რომელსაც მათ ანიჭებენ, ჩვენს ცხოვრებაში ერთ-ერთ გამორჩეულ გავლენას გულისხმობს. თითოეულ ამ გარემოში მნახველებს შეუძლიათ გადასინჯონ თავიანთი თანდაყოლილი თვისებები და შეიგრძნონ ის ძალა, რომელიც ამ სივრცეში მათზე რეგულარულად ზემოქმედებს. განსაკუთრებით მაინტერესებს ორმხრივი ურთიერთობები პრაქტიკოსსა და კლიენტს შორის, რასაც ურთიერთობების ტრადიციული ფორმებიდან ნაკლებად ექცევა ყურადღება. ეს სერიები ერთი განსაკუთრებული თერაპიული ურთიერთობის და კონკრეტულ პრექტიკოსთან მუშაობის ეფექტურობასა და მისდამი დამოკიდებულებაში დაეჭვების შედეგად წარმოიშვა. ჩემი ოჯახის უახლოესი წევრები ფსიქოთერაპევტებისგან შედგება. ეს ნამუშევარიც იმ მრწამსიდან მომდინარეობს, რომ ხანგრძლივი დროის მანძილზე არსებული გამოწვევები პიროვნული და ოჯახური ისტორიების მოდელების კვლევის შედეგად შეიძლება აიხსნას.

საოფისე სამუშაო არის ბავშვთა ფსიქოთერაპევტების ოფისებში ზოგიერთი ობიექტის მნიშვნელობის გაგების მცდელობა, სადაც კლიენტი და პრაქტიკოსი არსად ჩანს. თოჯინების, დეკორაციების და სათამაშოების საშუალებით ახალგაზრდა კლიენტების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე დაკვირვებისას, მაოცებს ის არაპირდაპირი კომუნიკაცია, რაც თერაპევტსა და ბავშვს შორის არსებობს. ეს პროცესი, ძირითადად, თამაშის ფონზე მიმდინარეობს. თამაში ბავშვისთვის ყველაზე ჩვეული ენა და გამოხატვის ფორმაა. ობიექტებისა და წარმოსახვის დახმარებით მუშაობისას, გართულებული პირადი პრობლემები ადვილად ამოიცნობა, შეისწავლება და გვარდება, რასაც ძალიან მცირე სიტყვიერი ურთიერთობა ახლავს თან. ის, რაც არაპროფესიონალს შეიძლება უბრალო თამაშად მოეჩვენოს, გამოცდილი ფსიქოთერაპევტისთვის ბავშვის შინაგან სამყაროში ჩხედვის საშუალებაა. ამ დროს ფსიქოთერაპევტი განმმარტებლის და ინტერპრეტატორის როლში გვევლინება. ამ სამუშაო გარემოს სათუთი მხარეების დეკოდირების პროცესში, თამაშის მეტაფორები შეუფერხებლად გამოიხატება, ირკვევა და, რაც მთავარია, გვარდება.

სოლ რობინსი

სოლ რობინსი დაინტერესებულია იმით, თუ როგორი ურთიერთობა აქვს ადამიანს გარემოსთან და სიახლოვის ფსიქოლოგიური დინამიკა. მისი ფოტოები ადამიანების ქცევაზე დაკვირვებებითა და პირადი გამოცდილებითაა შთაგონებული, განსაკუთრებით კი ისეთი გამოცდილებებით, რომლებიც დაკარგვას და გაერთიანებას უკავშირდება. ის ცნობილია, როგორც ფოტოსერიების Initial Intake ავტორი, სადაც ის მანჰეტენში, პროფესიონალი ფსიქოთერაპევტების ცარიელ სკამებს იკვლევს მათი კლიენტების თვალთახედვიდან, ამ კონკრეტული სივრცის თვითმხილველების აღქმების, ასოციაციების და რეაქციების, ასევე იმ სამუშაოს მოხმობით, რომელიც იქ მიმდინარეობს. 2012 წელს რობინსმა გააკეთა წარმოდგენა „რით დაგეხმარო? - მოხერხებული დიალოგი“, სადაც მიდთაუნ მანჰეტენის ახლადგახსნილი ფსიქოთერაპიული ოფისის სივრცეში გამოფინა ფოტოები სერიიდან Initial Intake. გამოფენაზე იწვევდა გამვლელებს, რომ სხვა არტისტებთან და თვით მასთან ესაუბრათ ნებისმიერ თემაზე, სრულიად უსასყიდლოდ და ღიად. იგივე პროექტი მან 2014 წელს, ბრუკლინში (ნიუ იორკის შტატი) გამართულ Photoville-ზე წარმოადგინა. სოლ რობინსი ნიუ იორკის ფოტოგრაფიის საერთაშორისო ცენტრის ფოტოგრაფიის ადიუნქტ პროფესორია. ის მომავალ არტისტებს და ფოტოგრაფებს კერძო კონსულტაციებს უწევს კომუნიკაციის, პროფესიული განვითარების და საუკეთესო ბიზნეს პრაქტიკების სფეროში. 2011 წლიდან რობინსი ატარებს ვორქშოპებს და კონსულტაციებს ევროპასა და სამხრეთ ამერიკაში, რომლის დროსაც სტუდენტებს თავიანთი ნამუშევრების და პიროვნების პოპულარიზაციაში ეხმარება, თავდაჯერებულობის გაძლიერების, სიცხადის გამოკვეთის და ამ სფეროებში გარკვევის გზით.

მისი ნამუშევრები სხვადასხვა დროს იფინებოდა ბოლინასის მუზეუმში, გალერეა Blue Sky-ში, ნიუ იორკის უნივერსიტეტის Deutsche Haus-ში, Griffin Museum-ში, ჰიუსტონის სახვითი ხელოვნების მუზეუმში, Photoville-ში და ა.შ. მისი ფოტოები გამოქვეყნებულია ისეთ გამოცემებში, როგორებიცაა: Aufbau, Berlin Tagesspiegel, CPW Quarterly, D – La Repubblica, The Daily Mail, DART, Feature Shoot, FlavorWire, Love Issue, More, The New York Times, Real Simple, Slate, Wired და ა.შ.

 

2

მაისი

რიჩარდ ბრემი, ნიუ იორკი: გაშლილ ადგილას დამალვა

კურატორი: თინა შელჰორნი

გახსნის დრო: 16:30

შესვლა: უფასოა

 

მისამართი: ი.გრიშაშვილის სახ.თბ. ისტორიის მუზეუმი, სიონის ქ. 8

ნიუ იორკთან რომანტიკული გრძნობები არ მაკავშირებს. 2008 წლიდან აქ ვცხოვრობ და მანამდეც დიდი ხანი გამიტარებია აქ. ის უხეში, მტკიცე, ხალხით სავსე, ბინძური ადგილია. ქალაქის ვერტიკალური ბუნება ხალხს ერთად კრებს. ხალხი დაძაბულია: იქნებ ეს გაუთავებელი ხმაურიანი თავშეყრის, პირადული სივრცის უქონლობის, სამსახურებრივი ზეწოლის, სიბინძურის, ულმობელი ხმაურის, ძილის ნაკლებობის, სოციალური ზეწოლის ბრალია. ადამიანები მიდი-მოდიან, თავიანთ სამყაროში არიან ჩაძირული. ისინი ყვირიან, ტირიან, საუბრობენ და იკარგებიან და თითქმის ყოველთვის მიშტერებიან საკუთარ ტელეფონებს. ერთ კვადრატულ მეტრზე მეტი ნევროზია, ვიდრე დედამიწის ნებისმიერ წერტილში. ეს ყველაფერი ფოტოგრაფისთვის დიდი მასალაა.

 მე საზოგადოებრივ ასპარეზზე ვმოღვაწეობ, გაშლილ ადგილას

ვიმალები, მაგრამ ყველასთვის ხილული ვარ. მამაჩემი მეუბნებოდა, რომ ნებისმიერი ჩვენგანი არც ისე საინტერესოა სხვებისთვის, როგორც გვგონია. მე ჩვეულებრივი, შუა ასაკის კაცი ვარ, რომელიც ფოტოაპარატით ხელში დადის ან დგას. უკანასკნელი წლების განმავლობაში, ვცდილობდი უფრო კომპლექსური ფოტოები, იმიჯები გადამეღო, რომლებიც უფრო ხანგრძლივ დაფიქრებას საჭიროებდნენ. ამ ნამუშევრებში ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მოვათავსო ჩარჩოში, რომ არ აღმოვჩნდე ქაოსში.

 ჩემი კარიერა შავ-თეთრი ფოტოების ფირზე გადაღებით დავიწყე.

მთელი ჩემი ნამუშევრები 1984-დან 2009 წლამდე ასეა შექმნილი.

როდესაც 2008 წელს, ნიუ იორკში საცხოვრებლად გადავედი, ცოტა ხანს ისევ ისე ვაგრძელებდი მუშაობას. მაგრამ ნამუშევრების შინაარსი შეიცვალა, ისევე როგორც შევიცვალე მე. უფრო რომანტიკული შავ-თეთრი ფოტოებისგან განსხვავებით, რომლებიც ლონდონში ან სხვა ადგილას ცხოვრებისას გადავიღე, აქ განწყობა ამბივალენტური, ორაზროვანი და დაეჭვებითია. აი, ასეთი შთაბეჭდილება მაქვს ნიუ იორკში გატარებული ბოლო შვიდი წლის გამო. 2010 წლიდან თითქმის სულ ციფრულ ფერად ფოტოებს ვიღებ. ამის კარგად გაკეთება გაცილებით რთულია; ბევრი რამეა ისეთი, რაც შეიძლება არასწორად წარიმართოს. ფერის დამუშავება რთული, დამთრგუნველი და  მნიშვნელოვანი იყო ჩემს სამუშაოში (პროფესიული სამუშაოსთვის ყოველთვის ფერად ფოტოებს ვიღებდი). ზოგიერთი შეიძლება ფერი ფოტოშოპით შეცვალოს. მე ასეთ რამეს არ გავაკეთებ. ჩემი ფოტოები არ არის დამუშავებული, დადგმილი ან კომბინირებული. სინამდვილე საკმაოდ უცნაურია.

რიჩარდ ბრემი

დაიბადა 1952 წელს ფილადელფიაში, აშშ. ბავშვობა გაატარა ოჰაიოში, იუტასა და არიზონაში. რამდენიმე ნაკლებად საინტერესო სამუშაოს შემდეგ, ის საცხოვრებლად გადავიდა ლუიზვილში (კენტაკის შტატი), სადაც 1984 წლიდან ბოლომდე გადაეშვა ფოტოგრაფიაში და ამ სფეროთი პროფესიულად დაინტერესდა. ადრეულ ეტაპზე, ის საზოგადოებრივი ურთიერთობების, სხვადასხვა ღონისძიების, წარმოდგენის ამსახველ ნამუშევრებს და პორტრეტებს იღებდა. თავისი კარიერის ამ ეტაპზე, გამორჩეული ადგილი უჭირავს მის 12-წლიან მოღვაწეობას კენტაკის შტატის ქალაქ დერბის ფესტივალის და ლუიზვილის ორკესტრის ოფიციალური ფოტოგრაფის ამპლუაში. 1997 წლიდან, როდესაც საცხოვრებლად ლონდონში გადავიდა, საკუთარი თავი თითქმის მთლიანად ქუჩის ფოტოგრაფიას მიუძღვნა. ის კლასიკური მუსიკის შემსრულებლებთან თანამშრომლობდა და დამოუკიდებელ პროექტებზეც მუშაობდა. 2001 წლიდან ბრემი ქუჩის ფოტოგრაფთა პირველი საერთაშორისო კოლექტივის - iN-PUBLIC.com-ის ერთ-ერთი დამაარსებელი და წევრია. ეს კოლექტივი, უდავოდ, თანამედროვეობაში ფოტოგრაფიის ამ ჟანრი აღორძინების კატალიზატორად იქცა.

2008 წელს ის შეერთებულ შტატებში დაბრუნდა. ამჟამად ნიუ იორკში ცხოვრობს და ქუჩის ფოტოგრაფიის ჟანრში მოღვაწეობას აგრძელებს.

ბრემის ნამუშევრები წარმოდგენილი იყო დაახლოებით 20 პერსონალურ გამოფენაზე ისეთ განსხვავებულ ქვეყნებში, როგორებიცაა ამერიკა, გერმანია, ლიტვა, მექსიკა, შოტლანდია და ინგლისი; ხოლო მისი მონაწილეობით გამართულმა ჯგუფურმა გამოფენებმა მთელი მსოფლიო მოიარა. 2011 წელს ბრემი კურატორობდა 29 ქვეყნის ქუჩის ფოტოგრაფიის წარმომადგენელთა გამოფენას, სახელწოდებით „შორეული ქუჩებიდან“, რომელიც ლუიზვილის ჰერცის გალერეაში გაიმართა. მისი ნამუშევრები რეგულარულად ქვეყნდება ბეჭდურ თუ ციფრულ ჟურნალებში. ის წერს სტატიებს, წიგნებს და კითხულობს  ლექციებს ქუჩის ფოტოგრაფიის შესახებ. 2014 წელს მან ლექცია წაიკითხა პარიზის ფოტოფესტივალის, Mois de la Photo-ს ფარგლებში გამართულ Street Parade-ზე. მას ქუჩის ფოტოგრაფიის შესახებ ჩატარებული აქვს ვორქშოპები ისეთ განსხვავებულ ადგილებში, როგორიცაა ტეიტ მოდერნი და ტეიტ ლივერპული გაერთიანებულ სამეფოში, ნიუ იორკში, თელ ავივსა თუ თბილისში, ფოტოფესტივალ ქოლგა 2012 წლის ფარგლებში. მისი ნამუშევრები ისეთ დაწესებულებებსა თუ კორპორაციების კოლექციებს შორისაა, როგორებიცაა ლონდონის მუზეუმი, ნიუ იორკის საქალაქო მუზეუმი, საფრანგეთის ეროვნული ბიბლიოთეკა, ჯორჯ ისთმენის სახლი/ფოტოგრაფიის საერთაშორისო მუზეუმი და ლუისვილის უნივერსიტეტის ფოტოარქივი.

www.richardbram.com

www.in-public.com/RichardBram

 

2

მაისი

ოივინდ ჰიელმენი, სადმე

კურატორი: თინა შელჰორნი

გახსნის დრო: 16:30

შესვლა: უფასოა

 

მისამართი: ი.გრიშაშვილის სახ.თბ. ისტორიის მუზეუმი/ქარვასლა, სიონის ქ. 8

მიმდინარე ცხოვრების ამსახველი სერიით „სადმე“ ოივინდ ჰიელმენი შფოთვითა და სტრესით აღსავსე თანამედროვე ცხოვრებას ეხმიანება. ეული ფიგურები წარსულსა და მომავალს შორის არსებულ გაურკვეველ მომენტებში ჩერდებიან. ნისლით დაბურული და პირობითი ხაზებით შემოსაზღვრული დატვირთული საბარგო მანქანები უცნობ გზებს მიუყვებიან. სავსე მთვარე მოხეტიალე პილიგრიმებს წინ მიუძღვის. მიტოვებული კიბე და ცარიელი სკამები ერთობლივ მოგზაურობაზე მიუთითებს. „სადმე“, უპირველესად, ვიზუალური თხრობაა მოგზაურობაში საუცხოოდ გატარებული ცხოვრების შესახებ – ეგზოტიკური, თუმცა თითქოსდა ნაცნობი ადგილებით, ფათერაკიანი მოგზაურობებითა და მოგონებებით სავსე; შუქ-ჩრდილების დღიური, რომელიც წელიწადს, დღესა და მომენტს აღწერს.

ოივინდ ჰიელმენი კონტინენტებისა და დროის მიღმა გადის, რათა სილამაზისა და საოცრების საერთოადამიანურ წყურვილში ხელახლა გაგვაერთიანოს.

პოეტური სულის მქონე მკაცრი ოსტატის, ჰიელმენის, ფოტოები პიქტორიალისტურ ტრადიციებს მოგვაგონებს, რომლებიც თანამედროვეობის განცდითაა დატვირთული. ცალკეულ თუ დახვეწილ ხელნაკეთ ტყავის ფოლიოებში ერთად მოთავსებული საოცრება და სიხარული თავისკენ გიხმობს – ზოგჯერ კრისტალივით სუფთაა, ზოგჯერ – დაბურული, მაგრამ ყოველთვის ღრმა ექსპრესიით გაჯერებული. მცირე ფორმატის ინტიმურობა კარგი ღვინოსავით დაგემოვნებას და მგრძნობელობის სრული პალიტრის გამოყენებით განცდას საჭიროებს. მიუახლოვდით და ღრმად ისუნთქეთ – ოივინდ ჰიელმენის სურათები იხსნება და სივრცეში იშლება. თითოეული მზერა მომხიბვლელობისა და გრაციოზულობის ახალ შრეებს სწვდება. „სადმე“ მაგიური ხეტიალია, რომელიც ამდიდრებს ყველას, ვისაც მისთვის გული გახსნილი აქვს.

ტექსტი: თრეისი ქსავია კარნერი 

 

ოივინდ ჰიელმენი უკვე 20 წელზე მეტია, რაც ფოტოგრაფიის სფეროში მოღვაწეობს. მისი ნამუშევრები 14 ქვეყანაში გამოიფინა და რამდენიმე კოლექციონერის თუ მუზეუმის საკუთრებაშია.

ის ატარებს ვორქშოპებს მოყვარული და პროფესიონალი ფოტოგრაფებისთვის (3-6 დღე). მას, ასევე, აქვს საგანმანათლებლო ფოტო პროექტები სასწავლებლებისთვის – დაწყებითი სკოლებიდან უნივერსიტეტებამდე.

ოივინდ ჰიელმენი, როგორც პროექტის არტ მენეჯერი და კურატორი, სათავეში ჩაუდგა მიწვეული არტისტების პროგრამას, რომელიც ჰალსნოის მონასტერში ხორციელდება და რომელიც სანჰორდლანდის მუზეუმის (ნორვეგია) საკუთრებაა.

ოივინდ ჰიელმენი, ასევე, აფასებს პორტფოლიოებს არლის, მონპელიეს და ლოძის ფოტოფესტივალებზე.

 

 

2

მაისი

ქრის სასპექტი, როგორ მოახერხა ეს პანკ-კულტურამ?

კურატორი: თინა შელჰორნი

გახსნის დრო: 16:30

შესვლა: უფასოა

 

მისამართი: ი.გრიშაშვილის სახ.თბ. ისტორიის მუზეუმი, სიონის ქ. 8

“მთელი ეს მოძრაობა სისტემის მწყობრიდან გამოყვანას, მასში არეულობის შეტანას, ცვლილების გამოწვევას და შემდეგ ახალგაზრდა ასაკში სიკვდილს ითვალისწინებდა. ამის სანაცვლოდ, მან მარადიული სიცოცხლე მოიპოვა. მან ყველა ახალგაზრდულ მოძრაობას გაუძლო, რაც კი მახსენდება. ფაქტობრივად, ეს მოძრაობები მას ეფუძნებოდნენ, როდესაც დროსთან ადეკვატურობის საკითხი კვლავ წამოიჭრებოდა და პანკური ეთოსისგან, მრწამსისგან და მთლიანად ამ პროექტისგან იყვნენ დავალებული. მუსიკალური ინდუსტრიის დანგრევის ნაცვლად, პანკმა გადაარჩინა ის და საყოველთაოდ აღიარებულ, მასთან მჭიდროდ დაკავშირებულ ორეულს - პანკ როკს, სიცარიელის შეგრძნებას მიცა დასაბამი. თვალთმაქც პანკს შეუძლია ყველაფრის გაკეთება, რაც სურს. ის უსაფრთხოების გარანტიის ფუნქციას ასრულებს მათთვის, ვინც წრუპავს თავის ლიმონათს და არ უყვარს ზედმეტად მძაფრი, ხმაურიანი ან, ზოგადად, ინტენსიური რამ. ღირებული პანკ როკი ყოველთვის თითქოს სიღრმეშია დაფარული, ღამე ცხოვრობს, მიწისქვეშა სამყაროში, ყოველთვის წინ უსწრებს დღის ვამპირებს. მას ვერაფერი მოკლავს. მას აქვს გული და ინსტინქტურად იცავს, ძირითადად შემტევი, დამაფრთხობელი ქმედებით.” - ალეკ მაქკეი, ნაწყვეტი Suspect Device-ის შესავლიდან

ოცდაათი წლის წინ, პირველად ვნახე პანკ კონცერტი ვაშინგტონში. Naked Raygun, TSOL, Government Issue, MIA და the Cereal Killers გამოდიოდნენ. მიტოვებულ შენობაში უკრავდნენ, რომელსაც WUST Hall ერქვა და ოლქის ღარიბ ნაწილში მდებარეობდა. მშობლებმა ერთი კვარტლის მოშორებით დამტოვეს, რომ მათთან ერთად არავის დავენახე. ყველგან ნარკოტიკები და ალკოჰოლი იყო; მუშტი-კრივი კი ისეთი სიხშირით იმართებოდა, რა სიხშირითაც ჯგუფები ცვლიდნენ ერთმანეთს სცენაზე. იმ დროს არ მქონდა კამერა, არც იმის გამბედაობა, რომ ბენდები, პანკები და სქინჰედები გადამეღო, მაგრამ მეხსიერებაში შემომრჩა ის ენერგია, სიხალასე და საფრთხის შეგრძნება, რომელიც ტორნადოსავით ტრიალებდა. დაუვიწყარი დრო იყო გაუბედავი თოთხმეტი წლის ბიჭისთვის. უკანასკნელი ხუთი წლის მანძილზე, თანამედროვე ჰარდქორ და პანკ მუსიკოსებს ვიღებდი ვაშინგტონსა და ბალტიმორში. ამ ფოტოების ჩვენებით მინდა ის შეგრძნებები, ენერგია და ქაოსი გავაცოცხლო, რაც თოთხმეტი წლის ასაკში, პირველ კონცერტზე დასწრებისას ვიგრძენი. ეს შორი პლანით დაკვირვება როდია. აქ ყველაფერი გამომეტყველებაში აისახება - ფეთქებადი და ძალიან რეალური. ეს, უბრალოდ, მუსიკალური ფოტოგრაფია არ არის. მასში ასახულია ადამიანები, ვისაც ამ ანდერგრაუნდული ცხოვრების სტილი ხიბლავს და იმ სცენის ქრონიკაა, რომელიც თითქმის ყველა მუსიკალურ ჟანრზე დიდხანს არსებობს. ამ ფოტოებში ცხადად იხილავთ იმ ცოცხალ ენერგიას, რომელმაც პანკ და ჰარდქორ მუსიკა დღემდე შემოინახა. მას იგივე ენერგია აქვს, რამაც 1980-იან წლებში პირველად მომიცვა.

ქრის სასპექტი

 

დიპლომატის შვილი, ქრის სასპექტი 1968 წელს, ფილიპინებზე დაიბადა. ის ვაშინგტონიდანაა და ქუჩის და დოკუმენტური ფოტოგრაფია. სასპექტს ყოველდღიურობაში აბსურდული და ემოციებით აღსავსე წუთების მოხელთება აინტერესებს. მისი ნამუშევრები ქუჩის ფოტოგრაფიაში საერთაშორისო მასშტაბითაა აღიარებული და სხვადასხვა დროს გამოფენილი იყო მაიამიში, გერმანიაში თუ გაერთიანებულ სამეფოში. მის მიერ გადაღებული ვაშინგტონის ანდერგრაუნდის მუსიკალური სცენის ამსახველი დოკუმენტური ფოტოები წიგნად გამოქვეყნდა, სახელწოდებით Suspect Device, რომელიც გამომცემლობა Empty Stretch-მა 2014 წელს გამოსცა. იმავე წელს, ეს ნამუშევრები გერმანიის ქალაქ კიოლნში გამართულ ფოტოკინას ბაზრობაზე, ლეიკას გალერეაში გამოიფინა. ნამუშევრები ლეიკას გალერეის არქივში ინახება. 2012 წლიდან, ქრის სასპექტი ფოტო-კოლექტივ STRATA-ს წევრია, რომელიც ქუჩის ფოტოგრაფიაზეა ორიენტირებული და ვაშინგტონსა და ლოს ანჯელესში მდებარეობს. გასულ წელს, სასპექტი გაერთიანებულ სამეფოში, Urban Picnic Street Photography Awards-ის, მაიამის ქუჩის ფოტოგრაფიის ფესტივალის და გაერთიანებულ სამეფოში ქუჩის საერთაშორისო ფესტივალის დაჯილდოვების ფინალისტებს შორის მოხვდა. 2014 წელს აშშ-ში ის გაზეთ Washington City Paper-ის ფოტოკონკურსის გამარჯვებულად დასახელდა. 2013 წელს, Miami Art Basel-ის დროს, ის მაიამის ქუჩის ფოტოგრაფიის ფესტივალის ჟიურის წევრი იყო. იმავე წელს გაიმარჯვა ჟურნალ Photo District News-ის მიერ გამოცხადებულ კონკურსში, სახელწოდებით “სცენა”, თავისი მუსიკალური ფოტოების გამო, ხოლო ქუჩის ფოტოგრაფიის პირველ ყოველწლიურ კონკურსზე ჩიკაგოს ფოტო საზოგადოებისგან სპეციალური პრემია დაიმსახურა (2013).

ბოლო დროს, სასპექტის ნამუშევრები გამოქვეყნდა ისეთ გამოცემებში, როგორებიცაა Huffington Post, Photo District News და Leica Camera Blog-ზე. მისი ნამუშევრები, ასევე, დაბეჭდილია Washington Post-ში, Washington City Paper-ში, CNN-ში, The Atlantic-ში, Forbes-ში და მრავალ სხვა გამოცემაში აშშ-ში, გერმანიაში, კანადასა და ბრაზილიაში.

 www.suspectdevice.net

 

2

მაისი

"ბავშვები. მომავალი დღეს"

მენეჯერი: ა. რუპრეჰტი, კოორდინატორი: თ. გოგიჩაიშვილი

გახსნის დრო: 18:30

შესვლა: უფასოა

 

მისამართი: შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, ლ. გუდიაშვილის ქ. №1

‘ბავშვები. მომავალი დღეს’

საერთაშორისო კონკურსის, ‘UNICEF-ის წლის ფოტოს’ საუკეთესო ფოტოები და რეპორტაჟები

 გამოფენა “ბავშვები. მომავალი დღეს” წარმოგიდგენთ 2012 და 2013 წლების კონკურსის, “UNICEF-ის წლის ფოტოს” გამარჯვებულ და ჟიურის საპატიო პრემიების მფლობელ ნამუშევრებს. გამოფენა სულ 15 ქვეყნის 23 ფოტოგრაფის მიერ გადაღებულ 93 ფოტოს აერთიანებს. ჯილდო ეძღვნება როგორც მსოფლიოს ბავშვებს, ისე რეპორტაჟულ ფოტოგრაფიას.

კონკურსს საფუძველი 2000 წელს ჩაუყარა UNICEF-ის გერმანიის ეროვნულმა კომიტეტმა და მისი მხარდამჭერია ჟურნალი GEO Magazine, რომელსაც Gruner + Jahr GmbH & Co KG გამოსცემს. მას შემდეგ საუკეთესო ფოტოგრაფებმა და ნიჭიერმა ახალგაზრდებმა მსოფლიოს ხუთივე კონტინენტიდან და 70-ზე მეტი ქვეყანიდან მოიპოვეს “UNICEF-ის წლის ფოტოს” პრესტიჟული ჯილდო. მათ ნამუშევრებში ისევ და ისევ აისახება არა მხოლოდ მძიმე გარემოში, ომის თუ ბუნებრივი კატასტროფების პირობებში მცხოვრები ბავშვების და მოზარდების რთული მდგომარეობა, არამედ მათი მხიარულების, ცხოვრებით ტკბობის წუთები და ყოველდღიური ცხოვრების სხვადასხვა ასპექტი.

“კარგი ფოტონამუშევრები, დღესდღეობით ფართოდ გავრცელებული შემთხვევითი ფოტოების მოძალების ფონზე, გამონათებასავითაა. ისინი წამით იპყრობენ ჩვენს მზერას და ყურადღებით დაკვირვებას გვაიძულებენ”, ამბობს გერმანიაში UNICEF-ის ხელმძღვანელი იურგენ ჰერაიუზი. “კონკურსზე წარმოდგენილი ფოტოები არა მარტო ასახავენ რეალურ ცხოვრებას, არამედ მოიხელთებენ სამყაროს ბავშვებისეულ ხედვასაც. ისინი შეგვახსენებენ ბავშვების უფლებების დაცვისა და მათ მომავალზე ზრუნვისთვის ჩვენს საერთო გლობალურ პასუხისმგებლობას იმის დაფიქსირებით, თუ რას ნიშნავს იყო ბავშვი.”

 გაეროს ბავშვთა ფონდი UNICEF 1946 წელს, მეორე მსოფლიო ომის შედეგად განადგურებულ ქვეყნებში მცხოვრები ბავშვებისთვის აუცილებელი საკვებით მომარაგებისა და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვის მიზნით დაარსდა. დღესდღეობით, UNICEF ეხმარება და მხარდაჭერას აღმოუჩენს დაახლოებით 150 ქვეყანაში მცხოვრებ ბავშვებს. თავის პარტნიორებთან ერთად, UNICEF ყოველი სამი ბავშვიდან ერთს ვაქცინებით ამარაგებს, აღჭურვავს სკოლებს და ბავშვების უფლებებისთვის იბრძვის პოლიტიკურ დონეზე, მაგალითად, ბავშვთა დაცვის ეფექტური კანონების მხარდაჭერის გზით. UNICEF-ის საქმიანობა უშუალოდ დამოკიდებულია მთავრობებისა და კერძო დონორების შემოწირულობებზე. მსოფლიოში თანდათან სულ უფრო მეტად აცნობიერებენ, რომ ბავშვები პიროვნებები არიან, რომელთაც თავიანთი უფლებები გააჩნიათ.

UNICEF-ისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კრიზისულ რეგიონებში უკიდურეს გაჭირვებაში მცხოვრებ და ხელმოკლე ბავშვებზე, შორეულ სოფლებში მცხოვრებ გოგონებსა და ბიჭებზე თუ გეტოებში გამომწყვდეულ პატარებზე ზრუნვა.

საერთაშორისო კონკურსი “UNICEF-ის წლის ფოტო” ამ იდეას და UNICEF-ის მიზანს განამტკიცებს განსაკუთრებულად და გამორჩეულად.

 

2

მაისი

ჩვეულებრივს მიღმა

კურატორი: პროფ. დ. გებჰარდტი, კოორდინატორი: თ. გოგიჩაიშვილი

გახსნის დრო: 16:30

შესვლა: უფასოა

 

მისამართი: ი.გრიშაშვილის სახ.თბ. ისტორიის მუზეუმი, სიონის ქ. 8

არსებობს თუ არა კარგი ფოტოგრაფიის ფორმულა? თუ არა - მაშინ როგორღა უნდა ვასწავლოთ ფოტოგრაფია? თუ არსებობს - ყველა კარგ ფოტოგრაფს რატომ არ აქვს ფოტოგრაფიული განათლება? ფუნდამენტურად რომ ვიფიქროთ, მასში ვლინდება სხვაობა ფოტოგრაფიის ხარისხში. ეს, არსებითად, ასეა. ბევრისთვის ხარისხიანი ფოტო აპარატის ტექნიკური სრულყოფილების დამსახურებაა. ტექნიკური სრულყოფილება სინამდვილეში მეორეხარისხოვანია, ვინაიდან ის ტექნიკურია. ფოტოგრაფიის ძალა მაყურებელზე ემოციურ ზემოქმედებას გულისხმობს. სპონტანურად, გონების განსაკუთრებული დაძაბვის გარეშე, ფოტო დამთვალიერებლის მზერას იპყრობს.

ახალგაზრდებისთვის ფოტოგრაფიის სწავლება მათთვის საკუთარი პოზიციის განვითარებაში დახმარებას ნიშნავს; საკუთარი უნარის, ძალის და ინტერესის განმტკიცება, ვიზუალური ხელოვნების ენისთვის დამახასიათებელი ნიშნების და გამოხატულებების მათთვის სწავლება და მეტისმეტად კონკურენტული ეკონომიკური გარემოს პირობებში სტუდენტებისთვის იმედის გაღვივება. ფოტოგრაფიის სწავლებისას ეს კომპონენტებია მთავარი.

ბაკალავრიატის კურსები ფოტოგრაფიაში დორტმუნდის გამოყენებითი მეცნიერებისა და ხელოვნების უნივერსიტეტის დიზაინის დეპარტამენტში წელიწადში დაახლოებით 60 სტუდენტს აძლევს განათლებას. ხუთი მათგანი - ბიანკა ბენიში, იულია ჰააკი, ლიზა ჰარტმანი, მარსელ მაფაი და იულია ზელმანი 2014-15 წლების ზამთრის სემესტრში გამოჩნდნენ. საუნივერსიტეტო ნაშრომებში, სხვადასხვა საკითხში, მათ ინტუიციის უნარი გამოიჩინეს. აქ გაერთიანებულია მათი მცდელობა და ინტერესი, რომ ადამიანთა ცხოვრების შესახებ ემოციური, ღრმა და მიუკერძოებელი ფოტოგრაფიული ესეები შეექმნათ. მათ ნამუშევრებში წინა პლანზე როდია ზედაპირული ეფექტი ან ტექნიკური სრულყოფილება. მათი სხვადასხვა ნამუშევრისთვის მთავარია დამთვალიერებლის მიერ ადამიანური მდგომარეობის ხილვა და კვლევა და ამგვარი ცოდნის მიღების გზით, სასარგებლო გამოცდილების დაგროვება.

 ბიანკა ბენიში

 "ორ სამყაროსა და დროის ორ მონაკვეთზე მეტს შორის“

კალინინგრადის რეგიონი რუსეთის ფედერაციის ყველაზე პატარა, ახალგაზრდა და დასავლეთით მდებარე ადმინისტრაციული ერთეულია. პირდაპირ ბალტიის ზღვაზე მდებარე ექსკლავი, რომლის გარშემოც ევროკავშირი და ნატოა, რუსეთის მთავარი ტერიტორიიდან განცალკევებითაა. მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ მიიერთა რუსეთმა ყოფილი აღმოსავლეთ პრუსიის ჩრდილოეთი ნაწილი თავის შემადგენლობაში, საბჭოთა მმართველობის ქვეშ. განსაკუთრებით, ყოფილ კიონიგსბერგში, რომელსაც ამჟამად კალინინგრადის ოლქის დედაქალაქი კალინინგრადი ეწოდება, სხვადასხვა ხანა, სისტემა და სამყარო თანაარსებობს. რუსეთისა და ევროპის, გერმანიისა და საბჭოთა წარსულს შორის ამ კონფლიქტური დაპირისპირების პირობებში, ახალგაზრდა თაობა ევროპასთან დაახლოების მოლოდინში ცხოვრობს, რაც სულ უფრო ცხადი ხდება. ახალგაზრდები თავიანთ მზერას დასავლეთს მიაპყრობენ. საკუთარ აზროვნებას ისინი დასავლურთან აიგივებენ და აღნიშნავენ, რომ ისინი უფრო თავისუფალი მოაზროვნეები არიან, ვიდრე უფრო დიდი რუსეთის ხალხები.

ჩემს ნაშრომში წარმოვადგენ ქალაქ კალინინგრადში მცხოვრებ ახალ თაობას და გიამბობთ, თუ რა გავლენას ახდენს კალინინგრადის აწმყო ახალგაზრდობის ყოველდღიურობაზე.

აქ წარმოდგენილი ფოტოები 108-გვერდიანი წიგნის, “ორ სამყაროსა და დროის ორ მონაკვეთზე მეტს შორის” ნაწილია, რომელიც 58 სერიას აერთიანებს.

 იულია ჰააკი

 მე კარგად ვარ!

მინიმალური მოწყობილობით აღჭურვილი, მხოლოდ სუნთქვის ამარა, ფრი-დაივერები (მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან ápnoia “არსუნთქვა”, სუნთქვის შეკავება) წყლის ზედაპირის ქვეშ, უშფოთველ, მშვიდ და თვალისმომჭრელ სამყაროში ეშვებიან.

მნიშვნელობა არ აქვს, ისინი ყველაზე ღრმად ჩასვლას ცდილობენ, მაქსიმალური დისტანციის გავლას ესწრაფვიან, ხანგრძლივად წყლის ქვეშ გაძლებას თუ წყალქვეშა სამყაროს მშვიდ, ინტენსიურ დაკვირვებას, მათ მოდუნება და საკუთარი შესაძლებლობების ზღვრის დადგენა აინტერესებთ.

იულია ჰააკი ფრი-დაივერებს ახლდა წყალქვეშ ვარჯიშის და შეჯიბრისას ეგვიპტის დაივერების სამოთხეში, ე.წ. “ლურჯ ღრმულში” და ისიც სუნთქვაშეკრული ყვინთავდა.

 ლიზა ჰარტმანი

 "ყველაფერი შესაძლებელია, არაფერია საჭირო"

 ჩემს ნაშრომში წარმოდგენილია გერმანიის სვინგერების კლუბების ინტერიერები, რომლებიც ადგილის, ზომის, გაფორმების და სამიზნე აუდიტორიის მიხედვით განსხვავდება, რაც ამგვარი დაწესებულებების მრავალფეროვნებაზე მიუთითებს. ოფიციალურ მედიაში არსებული წარმოდგენის თანახმად, ამ ადამიანების დიდი ნაწილი ერთნაირია და სვინგერების კლუბების შესახებ მხოლოდ ნეგატიური სტერეოტიპია დამკვიდრებული. ჩემი ნამუშევრით შევეცადე ეს წარმოდგენა გამეუმჯობესებინა.

ფაქტის ამსახველი ფოტოგრაფიის ხერხების შესაბამისად, ჩემი აპარატის ობიექტივში მოვაქციე დეკორაციების განსხვავებული სტილი, კიტჩიდან ელეგანტურამდე, სარდაფიდან ვილამდე. სულ გერმანიაში არსებული 16 კლუბი მოვინახულე. ოთახების განწყობის მოსახელთებლად, დღის სინათლეზე და იქ არსებული განათების დახმარებით ვმუშაობდი. გასახდელი და საშხაპეები, როგორც წესი, სექსუალური საქმიანობისთვის განსაზღვრული სივრცის მახლობლადაა. აქვეა დიდი და პატარა ოთახები, კლიენტების სექსუალური აქტივობის და ინტერესების შესაბამისად. ოთახები მხოლოდ წყვილებისთვისაა, ასევე “ჯგუფური სექსის ოთახებიცაა”, რაც არჩევანის მრავალფეროვნებას უსვამს ხაზს.

ფერი, განათება და დეკორაცია აქაური გარემოს მნიშვნელოვანი ელემენტია და კლუბის სტილს განსაზღვრავს. ამ ელემენტების მიზნობრივი გამოყენებით, სტუმრების განწყობაზე ზემოქმედების მოხდენა შესაძლებელია. ასევე, შეიძლება “თემატური ოთახების” მოწყობა, მაგალითად, ეგზოტიკური ქვეყნის სტილში, რაც სტუმრების წარმოსახვის გამძაფრებას ითვალისწინებს.

 მარსელ მაფაი

 უსინათლო ფონიჭალა

ფონიჭალა საქართველოს დედაქალაქის, თბილისის ერთ-ერთი ძველი უბანია. ეს დასახლება, რომელიც თავდაპირველად ოთხი სახლისგან შედგებოდა,  1930-იან წლებში დაარსდა, რომ აქ ქალაქის ცენტრში მცხოვრები უსინათლო და მხედველობის უნარშეზღუდული ხალხი დაესახლებინათ. უსინათლო მოსახლეობის რაოდენობა თანდათან იზრდებოდა, მეორე მსოფლიო ომის დასაწყისამდე აქ შრომა-გასწორებითი კოლონია იყო და ამ მხარის გეტოიზაცია მიმდინარეობდა. ინდივიდუალიზმის გარეშე, პიროვნული სისავსე და გამიჯნულად ცხოვრება გეტოს კედლებს მიღმა ნაკლებ ნაკვალევს ტოვებდა საბჭოთა ხანაში. ხალხი ბედნიერი იყო, რადგანაც კითხვებს არავინ უსვამდა და ბევრს წარმოდგენაც კი არ ქონდა სხვაგვარი ცხოვრების არსებობის შესახებ. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, გეტოც დაიშალა. დანადგარები, ქარხნებთან ერთად გაიყიდა. სამყარო მნიშვნელოვნად შეიცვალა. ნგრევის, ადამიანების და გეტოს ნარჩენების ისტორია ნამუშევრის - “უსინათლო ფონიჭალის” ღერძია. უსინათლოთა ახალგაზრდა და ხანდაზმული თაობა მოვინახულე, ფოტოები გადავუღე და ვაჩვენე, თუ როგორ ცხოვრობენ ისინი.

იულია ზელმანი

ეკოპოლის ტიბერკული

მსოფლიოში დღეისთვის დაახლოებით 3 000 რელიგიური სექტაა. მათ შორისაა დაჯგუფება “ეკოპოლის ტიბერკული”, ან “უკანასკნელი აღთქმის ეკლესია”. ჯგუფი 1994 წელს დაარსდა, საბჭოთა კავშირის დანგრევიდან ცოტა ხნის შემდეგ. მისი დამაარსებელია ადამიანი, სახელად სერგეი ტოროპი, რომელიც საკუთარ თავს ვისარიონს უწოდებს. დღეისთვის “ეკოპოლის ტიბერკულს” დაახლოებით  8 000 წევრი ყავს. ეს ჯგუფი ციმბირის აღმოსავლეთში, ტიბერკულის ტბასთან ახლოს მდებარეობს, რომელიც კრასნოიარსკიდან სამხრეთით, 400 კილომეტრის მანძილზეა. ტოროპი, რომელიც წინათ პოლიციელი იყო, მის ცხოვრებაში მომხდარი გარდამტეხი პერიოდების შემდეგ, იმ დასკვნამდე მივიდა, რომ თვითონ - აღმდგარი იესო ქრისტეა. მან დაწერა ე.წ. “უკანასკნელი აღთქმა”, როგორც ბიბლიური ძველი და ახალი აღთქმების გაგრძელება და სხვადასხვა რელიგიის ძირითადი შეხედულებები გააერთიანა. ეკოპოლის ტიბერკულის წევრებმა მთელი თავიანთი ნივთები გაყიდეს და ტოროპს ციმბირში გაყვნენ. აქ უბრალო, ხის სახლებში ცხოვრობდნენ, ქრისტეს კერპის გვერდით. ისინი ფულის გარეშე, მოკრძალებულად ცხოვრობენ და იმით საზრდოობენ, რაც მიწაზე მოყავთ. სოფლის მეურნეობას თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე მისდევენ და ამ მხრივ, უკანასკნელი აღთქმის მრწამსს ეთანხმებიან. ამგვარი ცხოვრების ნირის გამო, საზოგადოებრივი ცხოვრება აქ თითქმის შეუძლებელია.

ვასკარიანების მთავარი დებულება ისაა, რომ აპოკალიფსი ახლოვდება და როდესაც ის დადგება, მხოლოდ ამ სექსტის წარმომადგენლები გადარჩებიან. ამ თემში სახლების განლაგების მიხედვით, შეიძლება მისი წევრების სტატუსსა და რანგზე საუბარი. ეს სისტემა იმდენად ღრმადაა გამჯდარი, რომ ახალ წევრებს ისღა დარჩენიათ, ზოგჯერ თვეობითაც კი, თემის განაპირას, კარვებში იცხოვრონ. ეს ორგანიზებული, იერარქიული სისტემა გარედან მოსულებს შეიძლება საკმაოდ უცნაური მოეჩვენოთ.

 

2

მაისი

ურბანული ლაბირინთი - გალერეა კოპელმანი

კურატორი: ი. & ვ. კოპელმანი, კოორდინატორი: თ. გოგიჩაიშვილი

გახსნის დრო: 18:30

შესვლა: უფასოა

 

მისამართი: შ. ამირანაშვილის სახ. ხელ. მუზეუმი, ლ. გუდიაშვილის ქ. №1

ქალაქური ცხოვრების ლაბირინთში მოგზაურობა

სხვადასხვა ქვეყნის არტისტის მიერ შექმნილი თანამედროვე ფოტოგრაფიის, საუნდ კოლაჟების და მულტიმედია ინსტალაციების სელექციით, გიწვევთ ჩვენი პლანეტის მეტროპოლისების მაცდურ, თავგზის ამბნევ, ცვალებად სამყაროში სამოგზაუროდ. მსოფლიოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი დიდ ქალაქებში ან მეტროპოლისებში ცხოვრობს; ცათამბჯენების და ბეტონის სამყაროში; ურბანისტულ ჯუნგლებში, თავისი არტერიული გზებით და უზარმაზარი მიწისქვეშა სამყაროებით. ქალაქი მუდმივად იცვლება, ხოლო ცალკეული შენობა მოგონებასავით რჩება, რომელიც წარსულის და აწმყოს ისტორიას აერთიანებს. იმავდროულად, ისინი ახალ გარემოში გამოცანას ემსგავსებიან. მონუმენტური შენობები წარსულის და პოლიტიკური გავლენების შესახებ გვიამბობენ. დროის დინება თავის კვალს ტოვებს და სახლების მოშლა მუდმივ ცვლილებაზე მიუთითებს - ცვლილებაზე წარმავლობასა და ახლის დასაწყისს შორის. ქალაქი სოციალური კონფლიქტების ასპარეზი და საბაბია, რადგანაც აქ განსხვავებული ინტერესები ერთმანეთს ეჯახება. ურბანული ცხოვრებისთვის დამახასიათებელია ხალხის თავშეყრა, სხვადასხვა ჯგუფის, წრის, სუბ- და კონტრ-კულტურის ჩამოყალიბება. დიდი ქალაქების ანონიმურობა ხშირად განცალკევებას და მარტოობას უკავშირდება. ყველას როდი შეუძლია დამღლელ უცნობ და უცხო გარემოსთან გამკლავება. ქალაქის შიდა ცხოვრება მრავალსახოვანია. კოსმოპოლიტური ცხოვრება არტისტებისთვის ყოველთვის შთაგონების წყარო იყო. სხვადასხვა ფოტოგრაფის განსაკუთრებული ხედვა, თავისთავადი და ცოცხალი გარემოს ასახვა იმდენად განსხვავდება ერთმანეთისგან, როგორც ქალაქის მცხოვრებლები და მათი ცხოვრების ნირი.

 მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ფოტოგრაფმა კარლ ჰუგო შმიოლცმა, თავისი დიდი ფირფიტიანი კამერით, კიოლნის (გერმანია) ნგრევის ფირზე აღბეჭდვა დაიწყო. მან კიოლნში გერმანული რეკონსტრუქციის შთამბეჭდავი დოკუმენტი შექმნა. მაგრამ 1930-იან წლებშიც კი მისი მშობლიური ქალაქი მისი შემოქმედების უმთავრესი მოტივია. ჰოიმარკტის გადაკვეთისას, კიოლნში თანამედროვე ქალაქისთვის დამახასიათებელი დინამიკა წარმოჩნდება. ტრამვაი კვეთს ქუჩას, ველოსიპედზე მჯდომი ქალი და ფეხით მოსიარულეები გვერდით ჩაივლიან. შმიოლცი თანამედროვე ომამდელი გერმანული საზოგადოების სულ უფრო სწრაფი ზრდის თითოეულ წამს ასახავს.

 ჩვენი დროის ერთ-ერთმა ყველაზე მნიშვნელოვანმა ფოტოგრაფმა, უილიამ კლაინმა სხვადასხვა ქალაქში ფოტოების გადაღება 1950-60-იან წლებში დაიწყო. პარიზის, რომის, ნიუ იორკის თუ მოსკოვის მის მიერ გადაღებული ურბანისტული პორტრეტები მისი თანამედროვე ქალაქების ურბანული ცხოვრების მაჯისცემის დოკუმენტებია, როგორც, მაგალითად, ეს წარმოდგენილია კლაინის 1959 წლის ნამუშევარში “კიევის რკინიგზის სადგური”. ქუჩაში მოსიარულე საქმიანი ადამიანების ოდნავი სიმკრთალე 56 წლის შემდეგაც კი ცხადად აღსაქმელს ხდის ამ ფუსფუსს.

 ჰაინც ჰელდი მოგვითხრობს ქალაქის და მასში მცხოვრები ადამიანების შესახებ. მისი მზერა ერთი შეხედვით ბანალურ რამეზეა მიმართული. ის ყოველდღიურ ცხოვრებას, წამში მოხელთებულ დროის სულისკვეთებას ფოკუსში აქცევს. მის ნამუშევარში “მანჰაიმის რკინიგზის სადგურზე ფეხით მოსიარულეთა ხიდი” ძლიერი კონტრასტები და გამოკვეთილი გამოსახულების ხაზები ქმნის ფოტოს მთლიანობას და მოულოდნელობაში სილამაზეს და კომპოზიციას გამოავლენს.

 გერმანელი ფოტოგრაფი იურგენ ვასმუთი ბრწყინვალე დამკვირვებელია, მას საჭირო წამის მოხელთების შესანიშნავი უნარი გააჩნია. მის ნამუშევრებში დაჭერილია ძალიან ახლობელი, ნაცნობი სიტუაციები და ანეკდოტური მომენტალური ფოტოები. არტისტის შავ-თეთრი სურათები, რომლებიც ცხოვრების და ისტორიის მოწმეა, ინტუიციით და მგრძნობელობითაა გაჯერებული, რაც ავტორის ემოციურობის ნიშანია. გასაკვირი არაა, რომ მისი ნამუშევრები დამთვალიერებელში სიცილს იწვევს. იურგენ ვასმუთისეული დახვეწილი იუმორი მის ფოტოებში იგრძნობა (მაგალითად, “მოდის ჩვენება”, სადაც ქუჩაში მიმავალი, ტყუპებივით გამოწყობილი ორი მოხუცი ქალისკენ მიმართული მოსიყვარულე მზერა ცხადად ჩანს).

 1970-იანი წლების ბოლოდან, უკრაინული წარმოშობის გერმანელი ფოტოგრაფი მირონ ზოვნირი ცდილობს დიდ მეტროპოლისებში - ლონდონში, ნიუ იორკში, ბერლინსა თუ მოსკოვში მცხოვრები ადამიანების არსებობის ბნელ მხარეს ჩაწვდეს. მას “რადიკალური ფოტოგრაფიის პოეტს უწოდებენ”. ის აღფრთოვანებულია იმ ადამიანებით, რომლებიც საზოგადოებისგან მარგინალიზებული აღმოჩნდნენ და იკვლევს ცხოვრებას საზღვრების გარეშე და ზნეობრივ კონვენციებს. მის ექსპრესიონისტულ შავ-თეთრ ფოტოებში ის აღბეჭდავს უცენზურო, რადიკალურ და საბურველმოხსნილ სამყაროს.

 არტისტები:

ბოგი ბელი, მანფრედ ბოკელმანი, დიტერ ბორკი, ლიკა სეკატო, ლეონ კოკიუტი, ჰაინც ჰელდი, ფრიც ჰენლე, ირმელ კამპი, უილიამ კლაინი, კრიცკრაცი, ლოკანო, იუვ ოლდენბურგი, ჰანს პეტრი, როლფ ფილიპსი, კარინ რიჰტერი, კადი საიდიხანი, ალფრედ ზერჰინგერი, ელმარ შმიტი, კარლ ჰუგო შმიოლცი, იურგენ ვასმუთი, მირონ ზოვნირი და მრავალი სხვა.

 გალერეა: ნიპესის ხელოვნების ნიმუშების გალერეა

6 წელიწადზე მეტია, რაც ნიპესის ხელოვნების ნიმუშების გალერეა ხელოვნების საზღვრების შესწავლითაა დაკავებული. პროგრამა მოიცავს ექსპერიმენტულ პროექტებს, უჩვეულო ინსტალაციებს და კლასიკურ გამოფენებს. თანამედროვე ხელოვნებასა და მხატვრულ ფოტოგრაფიაზე ორიენტირებული კონცეპტუალური თემატური გამოფენების გარდა, აქ დაინტერესებული არიან ხელოვნების სხვა ფორმებთან ინტერდისციპლინური ინტერაქციით. ამ სახელოვნებო სივრცის სამი კოორდინატორი სხვადასხვა ასპექტს აერთიანებენ. ინგრიდ კოპელმანი 30 წელზე მეტია მოღვაწეობს სახელოვნებო სფეროში. ხელოვნების მიმართ თავისი სიყვარული მან თავის ქალიშვილებს გადასცა, რომლებიც კიოლნში მდებარე ამ გალერეას ხელმძღვანელობენ.  ხელოვნების გალერეის პროგრამა აერთიანებს ხელოვნებაში კლასიკურ და თანამედროვე პოზიციებს, რომლებიც ოსტატურადაა დაკავშირებული ერთმანეთთან. ფოტოგრაფიაში უფრო მეტად დაინტერესებული არიან ანალოგური ტექნოლოგიით და მხატვრული ფოტოგრაფიით. ნიპესის ხელოვნების ნიმუშების გალერეა, თავისი გამორჩეული ფოტო პროექტებით, გაბედული ფოტოგრაფიული პოზიციებით თუ თემატური გამოფენებით, ხელოვნების ამ სფეროს სხვადასხვა ათწლეულის პოზიციიდან წარმოგვიდგენს - ადრეულ ხანაში მისი ჩასახვიდან დღემდე.

 www.kunstwerk-nippes.de

 

3

მაისი

აფრიკის ხედები

კურატორი: თინა შელჰორნი

გახსნის დრო: 20:00 სთ

შესვლა: უფასოა

 

მისამართი: ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, რუსთაველის 27

ფოტო და რეპორტაჟების სააგენტო ლაიფი, რომელიც კიოლნში მდებარეობს, ფოტოჟურნალიზმის, საჟურნალე და სამოგზაურო ფოტოგრაფიის ერთ-ერთი წამყვანი და ამ სფეროში მიმართულების განმსაზღვრელი ფოტოსააგენტოა.

200-ზე მეტი საერთაშორისო თავისუფალი ფოტოგრაფი ლაიფ-ს თავიანთი ყველაზე ცნობილი და მრავალი ჯილდოს მფლობელი ფოტონამუშევრებით ამარაგებს.

“აფრიკის ხედები” იმ გამოფენის ნაწილია, რომელიც 2014 წელს ლაიფ -მა ფოტოკინაზე წარმოადგინა. აქ მრავალი ქვეყნის ფოტოგრაფი აფრიკის ინდივიდუალურ ხედვას სხვადასხვა პერსპექტივიდან გვიზიარებს. ისინი თან დაყვებიან ოქროს ციებ-ცხელებით შეპყრობილ თუ აპარტეიდის შემდგომ სამხრეთ აფრიკაში მცხოვრებ, იმედგაცრუებულ ადამიანებს; ისინი ბოლომდე ეშვებიან სამყაროში, რომელსაც ეკონომიკა მართავს და რომელსაც თავისებური შედეგები მოაქვს საზოგადოებისა და გარემოსთვის ნიგერიაში, ომისა და ტერორიზმისგან განადგურებულ სომალიში, მათ სიზმრისეულ სამყაროში გადავყავართ - რომელიც თავისუფლებას და ბედნიერებას პირდება; არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს ნამუშევრები აფრიკული რიტმების სამყაროში მიგვიძღვებიან, რომლებშიც ამ საოცარი კონტინენტის მრავალფეროვნება აისახება.

თომას დორნი | Houn-Noukoun - აფრიკული სახეები და რიტმები

სამას მუსიკოსთან შესახვედრად აფრიკის მოგუგუნე ქუჩებისკენ გეზის აღება - ამ თავგადასავალმა თომას დორნი ცხრამეტ აფრიკულ ქვეყანაში ატარა: სენეგალიდან ეთიოპიამდე, მალიდან სამხრეთ აფრიკამდე - პიგმეების უძველესი პოლიფონიიდან რეპ მუსიკამდე; მნიშვნელობა არ აქვს, ვარსკვლავები იქნებიან, როგორებიცაა მანიუ დიბანგო, იუსუ ნ’დური, ფელა კიუტი, სალიფ კეიტა, მირიამ მაკება, ანჯელიკ კიდჯო, Positive Black Soul თუ უცნობი შემსრულებლები - მთავარია ტრადიციული მუსიკის შემსრულებლები არიან. ეს გამაოგნებელი, მთელი კონტინენტის მრავალფეროვნების გულისგულში მოგზაურობაა!

იან გრარუპი | სომალი

ორ ათწლეულზე მეტის განმავლობაში მიმდინარე სამოქალაქო ომის შემდეგ, სომალი ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონფლიქტური რეგიონია მსოფლიოში. 1991 წელს პრეზიდენტ სიად ბარეს დამარცხების შემდეგ, ქვეყანა ქაოსმა, სამოქალაქო ომმა და შიმშილმა მოიცვა. იან გრარუპი წლების განმავლობაში მოგზაურობდა სომალიში და მისი გამაოგნებელი ფოტოები იმ ადამიანების ცხოვრებას ასახავს, ვინც ამ გაუგებრობას ემსხვერპლა.

ობი ობერჰოლცერი | დიდი მანძილი

ობი ობერჰოლცერი დაიბადა 1947 წელს, აფრიკის ფერმაში, ფოტოგრაფია მიუნხენში შეისწავლა. 1975 წლიდან სამხრეთ აფრიკის სოფელ ნეიჩერს ველიში ცხოვრობდა და იქ იღებდა სურათებს აფრიკის თემაზე 10-ზე მეტი ილუსტრირებული წიგნის და 20 სოლო გამოფენისთვის. თავის ფოტოებში ობი ობერჰოლცერი “ცდილობს სამყაროს ბედნიერებით არაჩვეულებრივი ტკბობა აღმოაჩინოს.”

პერ-ანდერს პეტერსონი | ცისარტყელის გადასვლა

1994 წლის გაზაფხულზე, შვედეთში დაბადებული პერ-ანდერს პეტერსონი სამხრეთ აფრიკაში მოგზაურობდა, რომ ისტორიული არჩევნები ფირზე აღებეჭდა. ამ არჩევნებში ნელსონ მანდელამ გაიმარჯვა და ის სამხრეთ აფრიკის პირველი შავკანიანი პრეზიდენტი უნდა გამხდარიყო. ასე შეუყვარდა პეტერსონს აფრიკა. ორ ათწლეულზე მეტი ხნის მანძილზე, თავისი ფოტოაპარატით ამ “მრავალფეროვან ხალხს” იკვლევდა და ყოველდღიური ცხოვრების რთულ სინამდვილეს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა.

3

მაისი

ბრაიან გრიფინი, კომპრომისი არ იქნება

კურატორი: თინა შელჰორნი

გახსნის დრო: 20:00 სთ

შესვლა: უფასოა

 

მისამართი: ზ. წერეთლის თანამედროვე ხელ. მუზეუმი, რუსთაველის 27

გრამფირფიტის ჩასადებზე გამოსახული მომუშავე ადამიანიდან დაწყებული, კომპანიის ბროშურებით, კორპორაციული პროექტებით თუ სარედაქციო ფოტოებით დამთავრებული, 1972 წლიდან ვიღებ სამუშაოს პროცესს და მომუშავე ადამიანს, როგორც თავისუფალი პროფესიონალი ფოტოგრაფი. ბირმინჰემში, გაერთიანებული სამეფოს უესთ მიდლენდსში, ფაბრიკების გარემოცვაში და ფაბრიკის მშრომელთა ოჯახში დაბადებულს, მუშათა კლასმა წარუშლელი კვალი დატოვა ჩემს გონებაში. 1970-80-იან წლებში, არა საკუთარი სურვილით, არამედ შემთხვევითობის წყალობით, ბიზნეს-ჟურნალებისა თუ დიდი საერთაშორისო კომპანიების ყოველწლიური ანგარიშებისთვის ბევრი ძალიან წარმატებული ბიზნესმენის ფოტო გადავიღე. მაგრამ უკანასკნელ ხანებში, ჩემი, როგორც ფოტოგრაფის რეპუტაციის გამო, ბიზნეს-სამყაროს ფირზე აღბეჭდვისას, ბევრჯერ მთხოვეს დიდი კორპორაციული პროექტების გადაღება, რამაც შესაძლებლობა მომცა, მშრომელიც და კოსტიუმში გამოწყობილი აღმასრულებელიც გადამეღო. ახლა კი მაქვს ნამუშევრები, რომლებზეც აღბეჭდილი არიან პრემიერ მინისტრიც და ფაბრიკის მუშაც. ვცდილობდი მშრომელი ადამიანის ძლიერი და მგრძნობელობით აღსავსე პორტრეტი შემექმნა. ამის პარალელურად, ჩემი მოკრძალებული აღზრდის გამო, ალბათ განსხვავებული პერსპექტივით ვიღებდი კომპანიების ხელმძღვანელების, ბიზნესმენების და პოლიტიკოსების სახეებსაც. ჩემი გამოფენით, იმედი მაქვს, რომ პირველად შევქმნი ისეთ გარემოს, სადაც საკუთარ თავს, როგორც ძლიერთა ამა ქვეყნისათა და უპოვართა ფოტოგრაფად დავინახავ; ვფიქრობ, პასუხს გავცემ იმ კითხვებს, რომლებიც უპასუხოდ მრჩება.

ბრაიან გრიფინი

დაიბადა 1948 წლის 13 აპრილს, ბირმინჰემში, მაგრამ ცხოვრობდა დიდი ბრიტანეთის ე.წ. „შავ ქვეყანაში“ მანამ, სანამ მანჩესტერის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში ფოტოგრაფიის შესწავლას დაიწყებდა (1969-72). 1972 წლიდან ლონდონში ცხოვრობდა და თავისუფალ ფოტოგრაფად მუშაობდა. 1972 წლის ნოემბერში მან ჟურნალ Management Today-სგან პირველი შეკვეთა მიიღო. 1975 წელს პირველად გამოფინა თავისი ნამუშევრები ჯგუფურ გამოფენაში „ახალგაზრდა ბრიტანელი ფოტოგრაფები“. 1987 წელს საფრანგეთის ქალაქ არლის საპატიო მოქალაქეობა მიიღო. 1988 წელს გამოსცა წიგნი, სახელწოდებით ‘Work’ და ამასთან დაკავშირებით პერსონალური გამოფენა გამართა პორტრეტების ნაციონალურ გალერეაში. 1991 წელს მისი წიგნი მსოფლიოს საუკეთესო ფოტო-წიგნად დაასახელეს ფოტო ფესტივალ „ფოტოგრაფიულ გაზაფხულზე“ ბარსელონაში. 1989 წელს გაზეთმა Guardian, ის „ათწლეულის ფოტოგრაფად“ აღიარა. ასევე, ჟურნალმა Life, სპეციალურ გამოცემაში, რომელიც 1980-იანი წლების საუკეთესო ფოტოებს ეძღვნებოდა, მისი ფოტო „გატეხილი ჩარჩო“ თავის გარეკანზე დაბეჭდა. 1991-დან 2002 წლამდე ის სატელევიზიო რეკლამებს, მუსიკალურ ვიდეოებს და მოკლემეტრაჟიან ფილმებს იღებდა. 2003 წელს ზრუნავდა იმაზე, რომ ბირმინჰემი ევროპული კულტურის დედაქალაქად გამოეცხადებინათ და ამ საქმიანობის ფარგლებში, 2005 წელს, რეიკიავიკის (ისლანდია) ხელოვნების მუზეუმში მისი ნამუშევრების რეტროსპექტიული გამოფენა მოეწყო. 2007 წელს, წმინდა პანკრასის რკინიგზის სადგურზე, სამეფო ოჯახის ინიციატივით ჩქაროსნული მატარებლების ტერმინალის გახსნასთან დაკავშირებით, მან გამოსცა წიგნი და გამართა გამოფენა. 2009 წელს ის დერბის ფოტო ფესტივალს ჩაუდგა სათავეში და დღემდე აგრძელებს ამ საქმიანობას. 2009 წელს, ლორდ კოესა და დეიმ ქელი ჰოლმსთან ერთად, ლონდონის ოლიმპიადის აღსანიშნავად, ფოტო პროექტი „გზა 2012 წლისკენ“ პორტრეტების ნაციონალურ გალერეაში გამოფინა.ნ 2010 წელს გაიმართა მისი ყველაზე მნიშვნელოვანი პორტრეტების რეტროსპექტივა, სახელწოდებით „პირისპირ“. 2013 წლის სექტემბერში, თავისი კარიერისთვის მან სამეფო ფოტოგრაფიული საზოგადოებისგან „საუკუნის მედალი“ მიიღო. 2013 წელს, მარსელ პროვანსის ევროპული კულტურის დედაქალაქად გამოცხადებასთან დაკავშირებით, მას ამ ქალაქის მხარდასაჭერი გამოფენების გამართვა შესთავაზეს. ამავე დროს, ბირმინჰემის ახალი ბიბლიოთეკის მშენებლობასა და გახსნასთან დაკავშირებით, მას შეუკვეთეს პროექტი „საცნობარო სამუშაოები“, რომელიც წიგნის გამოცემას გამოფენის მოწყობას გულისხმობდა. 2013 წლის ოქტომბერში, ბოლონიაში (იტალია) მისი კორპორაციული ფოტონამუშევრების რეტროსპექტივა გაიმართა.

2014 წლის 3 მარტს, ქალაქის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, მან ბირმინჰემის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიიღო.

 

 

3

მაისი

2014 წლის საუკეთესო კადრები

National Geographic საქართველო

გახსნის დრო: 18:00 სთ

შესვლა: უფასოა

 

მისამართი: ს. ჯანაშიას სახ. ეროვნული მუზეუმი, შ. რუსთაველის გამზ., 3

National Geographic საქართველო: 2014 წლის საუკეთესო ფოტოები 

აშშ-ის გეოგრაფიული საზოგადოება (National Geopgraphic Society) მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამეცნიერო და საგანმანათლებლო ორგანიზაცია, რომლის მხარდაჭერით არაერთ სამეცნიერო-კვლევითი პროექტი თუ ექსპედიცია განხორციელდა. საზოგადოება National Geographic-ი წლების განმავლობაში შთაგვაგონებს, ვიზრუნოთ ჩვენს პლანეტაზე.პალეონტოლოგია და არქეოლოგია, გეოგრაფია გეოპოლიტიკა, ველური ბუნება, ხალხები და კულტურები, მაღალი ტექნოლოგიები - იმ სფეროების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც National Geographic-ი სწავლობს და შემდეგ მსოფლიოს ორმოცი ქვეყნის მკითხველამდე არაჩვეულებრივი სტატიებისა და შთამბეჭდავი ფოტოების სახით მიაქვს. ამ მხრივ გამონაკლისი არც განვლილი წელი იყო, რომლის განმავლობაშიც National Geographic-მა მისი ჟურნალის მეშვეობით ბევრი საინტერესო მასალა წარუდგინა მის ერთგულ მკითხველს. წლევანდელ „ქოლგა თბილისი ფოტოზე“ ჟურნალი National Geographic საქართველო წარმოგიდგენთ 2014 წლის განმავლობაში გამოქვეყნებულ საუკეთესო ნამუშევრებს.

 

3

მაისი

გურამ თიკანაძე, უცნობი კადრები

კურატორები: ქეთევან კორძახია, გია ფაილოძე

გახსნის დრო: 18:00 სთ

შესვლა: უფასოა

 

მისამართი: ს. ჯანაშიას სახ. ეროვნული მუზეუმი, შ. რუსთაველის გამზ., 3

მთასვლელი და ფოტოგრაფი გურამ თიკანაძე 1932 წლის 12 სექტემბერს დაიბადა. 1951-56 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსტიტეტში, გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა.

 ფოტოგრაფიით სკოლის ასაკიდან დაინტერესდა, პიონერთა სასახლის ფოტოწრეში მეცადინეობდა. მოგვიანებით უკვე რესპუბლიკურ, საკავშირო და საერთაშორისო გამოფენებშიც მონაწილეობს (იტალია, იაპონია, აშშ, ბელგია, ჰონგ-კონგი) და არაერთი პრემიისა და პრიზის მფლობელიც ხდება. 1959 წელს, გურამ თიკანაძის მიერ ახალგაზრდობისა და სტუდენტთა საერთაშორისო ფესტივალზე ვენაში მიღებული ვერცხლის მედალი პირველი საერთაშორისო ჯილდო გახდა ქართული ფოტოგრაფიის ისტორიაში.

 1963 წლის 27 აგვისტოს, კავკასიონის ერთ-ერთი მწვერვალიდან - შხარადან დაშვების დროს, ტრაგიკულად დაიღუპა. გურამ თიკანაძის პატივსაცემად, აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ერთ-ერთ მწვერვალს მისი სახელი ეწოდა. 1981 წელს კი სვანეთის მოსახლეობის მონდომებითა და შემწეობით, სოფელ ლატალში გურამ თიკანაძის სახელობის კულტურისა და სპორტის ცენტრი აშენდა. აქვე განთავსდა თიკანაძის მუზეუმი, რომელსაც დღემდე სოფელი პატრონობს.

 მისი შემოქმედება საბჭოთა დროის ე.წ. „დათბობის“ პერიოდს დაემთხვა, როდესაც ახალგაზრდა ფოტოგრაფები შეგნებულად უარს ამბობდნენ ინსცენირებული ფოტოგრაფიის კანონებზე და თამამად ამკვიდრებდნენ რეპორტაჟულ ფოტოს. გურამ თიკანაძემ დიდი გავლენა მოახდინა ქართული ფოტოგრაფიის განვითარებაზეც. მან შექმნა ერთგვარი კულტურულ-გენეტიკური ტრადიცია ქართულ ფოტოგრაფიაში. გურამ თიკანაძის ნამუშევრები მუდმივად ქვეყნდებოდა ქართულ და უცხოურ პერიოდიკაში. იყო პოლონეთის, ჩეხეთის, სლოვაკეთის,

გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცემების სპეციალური ფოტოკორესპონდენტი.

 გურამ თიკანაძის ფოტოენა, მოულოდნელი რაკურსებითა და ჩვეულებრივში “არაჩვეულებრივის” აღმოჩენის უნარით, 1920-იანი წლების რუსული ავანგარდული ფოტოგრაფიის ენას, კერძოდ ალექსანდრე როდჩენკოს ნამუშევრების ესთეტიკას მოგვაგონებს.

გამოფენაზე წარმოდგენილია გურამ თიკანაძის 90-მდე ფოტო გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში დაცული ფოტოარქივიდან.

 

4

მაისი

კიმ ბადავი, გაზაფხულის ამბოხი 11

კურატორი: ქოლგა თბილისი ფოტო

გახსნის დრო: 18:00 სთ

შესვლა: უფასოა

 

მისამართი: მარჯანიშვილის 7 თიბისი ბანკის გალერეა

რჩევების მიუხედავად, გადავწყვიტე 2011 წლის იანვრის ამბოხამდე საცხოვრებლად ეგვიპტეში გადავსულიყავი. ვცხოვრობდი ბაბუაჩემის სახლში, სადაც თითქმის 30 წლის განმავლობაში არავის უცხოვრია - ქაიროს საქმიან ნაწილში მდებარე ნაკლებად ცნობილ წრიულ  მოედანზე, რომელიც ტაჰრირის მოედნის სახელითაა ცნობილი.

მომდევნო 18 დღის განმავლობაში, საკუთარი თვალით ვიხილე ყველა სოციალური წარმოშობის, რელიგიური მრწამსის და სქესის მატარებელი ეგვიპტელის ბრძოლა. მათ გვერდით გადადეს საკუთარი განსხვავებები და იმ დიქტატორული და ავტორიტარული რეჟიმის დასამხობად გაერთიანდნენ, რომელიც ქვეყანას თაობების მანძილზე მართავდა.
რამდენიმე დღის განმავლობაში, ქუჩებში მილიონობით ადამიანმა მოიყარა თავი. ისინი გალობდნენ და განსხვავებულად ძვირფას მოსაზრებებს ერთმანეთს უზიარებდნენ. მშვიდობიან პროტესტს და გამოხატვის თავისუფლებას მთავრობა სასტიკი დაპირისპირებით შეხვდა, რამაც მეამბოხეები კიდევ უფრო მჭიდროდ გააერთიანა. სოციალური მედია და ახალი ტექნოლოგიები ხელს უწყობდნენ ამბოხის წარმატებას იმით, რომ ცნობილი ხდებოდა, თუ რა იქნებოდა ხელისუფლების მომდევნო ნაბიჯი, სად ჯობდა შეკრება და რას აპირებდა მთავრობა. ტვიტერში იეყენებდნენ ჰეშთეგს #Jan25 და ამგვარად, მისი შემდგომი დღეები უკვდავყოფილ იქნა. ტაჰრირის მოედანზე შეკრებილი მეამბოხეებისადმი ყოფილი პრეზიდენტი მუბარაქის წინააღმდეგობრივი სატელევიზიო მიმართვის, ტელევიზიების, რკინიგზების და ინტერნეტის გათიშვის შემდეგაც კი, მილიონობით ეგვიპტელი, ქალაქებიდან და ფერმებიდან, პრეზიდენტის სასახლისკენ დაიძრა. დანარჩენი კი ისტორიაა.

კიმ ბადავი

დაიბადა 1980 წელს, პარიზში. მას ამერიკელი, ფრანგი, ეგვიპტელი და სლოვენიელი წინაპრები ჰყავდა. ფოტო კარიერა დაიწყო მაშინ, როდესაც ნიუ ორლეანში, ქარიშხალ კატრინას შედეგად დაზარალებულ ადგილნაცვალ პირთა მძიმე მდგომარეობის ფირზე აღბეჭდვა დაიწყო მისისიპიდან ტექსასამდე. კიმის ნამუშევრები, რომლებიც დიუკის უნივერსიტეტის დოკუმენტური ფოტოგრაფიის შემსწავლელმა ცენტრმა გამოსაქვეყნებლად შეარჩია, წარმოდგენილ იქნა 25 Under 25: Up-and-Coming American Photographers-ის მიერ მომზადებული ფოტონამუშევრების კრებულის ეგიდით გამართულ გამოფენაზე და, ასევე, წიგნშიც შევიდა. 2009 წლის გაზაფხულზე, გამომცემლობა powerHouse Books-მა დასტამბა ბადავის სერია The Taqwacores, რომელიც ამერიკელი მუსლიმური პანკის შესახებ მოგვითხრობს. მოგვიანებით სწორედ ეს ფოტოსერია დაედო საფუძვლად ამავე სახელწოდების ფილმს. ფოტოგრაფის პროფესიის წყალობით, მან ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკის, კარიბების, შუა აღმოსავლეთის ყველა კუთხე მოიარა და ამჯერად ბრაზილიაში ცხოვრობს.

2007 წელს არაბული მედიის და საზოგადოების ჯილდო მოიპოვა, როგორც წლის საუკეთესო ფოტოგრაფმა. ის თანამშრომლობდა ისეთ მედია საშუალებებთან თუ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორებიცაა CNN, MSNBC, ESPN, BBC, Al Jeezera, Der Speigel, Open Society Foundations, Wall Street Journal, Le Monde Magazine, Time Magazine, Newsweek Magazine, Business/Bloomberg, Rolling Stone Magazine, SPIN, New York Magazine, Gourmet Magazine, GRAZIA Magazine, Guernica Magazine, Politiken Magazine, The Texas Observer, La Repubblica XL, Sabado XL, NOX Magazine, Epsilon Magazine, The Guardian, P-Magazine, EMI Records, Queens Museum და The Sun.

 http://www.kimbadawi.com

 

 

5

მაისი

ნათელა გრიგალაშვილი, რძის სუნი

კურატორი: დინა ოგანოვა

გახსნის დრო: 18:00 სთ

შესვლა: უფასოა

 

მისამართი: გ. ლეონიძის სახ. სახელმწიფო ლიტ. მუზეუმი, გ. ჭანტურიას ქ. 8

რძის სუნი

***

როცა ვინმე მიყურებს, მინდა სახეზე ხელები ავიფარო.
მძიმე ხელები მაქვს. თითქოს ჩემამდე იცხოვრეს; იცხოვრეს, სანამ ცხოვრება დაიწყებოდა.
სახლში ბევრი საქმეა. ყველა საქმე ამბობს, რომ მე ქალი ვარ.

 ***

მე ლამაზი ქალი ვარ და მუქი ფერის ტანსაცმელს და შავ თავსაფარს ვატარებ.

მე ლამაზი ქალი ვარ და როცა ვიცინი, ჩემი სიცილის ჩრდილი საკვამურიდან ამოსული კვამლივით გადაედება ხოლმე სოფელს. ჩვენ ლამაზი ქალები ვართ და მუქი ფერის ტანსაცმელს და შავ თავსაფრებს ვატარებთ. ერთი ფერის, ერთნაირი ღობის გვირისტით ეზოშემოკერებულ სახლებში ვცხოვრობთ და ოდნავ სხვადასხვანაირად ვიცინით.

 ***

ყველაფერი იწყება ჩემიდან: გზა, დრო, ხალხი და სოფელი.

ლია ლიქოკელი

 

ნათელა გრიგალაშვილი

თავისუფალი ფოტოგრაფი. ცხოვრობს და მუშაობს საქართველოში. წლების განმავლობაში მუშაობდა ფოტორეპორტიორად პრესაში . ამჟამად მუშაობს სხვადასხვა ფოტოპროექტზე. მისი ფოტოპროექტების ძირითადი თემაა ცხოვრება საქართველოს რეგიონებში, უმცირესობები და ტრადიციული რელიგიურ-სახალხო რიტუალები. მუშაობდა პროექტებზე: "ეთნიკური უმცირესობები საქართველოში", "ქართული სოფელი", "რელიგიური დღესასწაულები,", "დუხობორები საქართველოში", "აზერბაიჯანელები საქართველოში", "დედა ენა" და სხვა.

არის რამდენიმე პერსონალური გამოფენის ავტორი, მონაწილეობდა სხვადასხვა ჯგუფურ გამოფენაში. მიღებული აქვს პრიზები სხვადასხვა ფოტოკონკურსში.

2005 წელს მიენიჭა ალექსანდრე როინაშვილის პრიზი ქართული ფოტოგრაფიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტსა და თბილისის სამხატვრო აკადემიაში ასწავლის ფოტოგრაფიას.

2014-15 წლებში დააარსა ფოტოკლუბები ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებისთვის საზღვრისპირა რეგიონებში - ჯავახეთსა და პანკისის ხეობაში.

 

2

მაისი

ქოლგის ქრონიკები V

კურატორი: ანი დავარაშვილი

გახსნის დრო: 16:30

შესვლა: უფასოა

 

მისამართი: ი.გრიშაშვილის სახ.თბ. ისტორიის მუზეუმი, სიონის ქ. 8

მაიკლ ვინსენტ მანალო - ფილიპინელი ხელოვანი, მრავალ ქვეყანაში აღიარებული ფოტოგრაფი, ფოტო-მანიპულატორი და მუსიკოსია. მისი ნამუშევრები შთაგონებულია წარმოსახვითი მოგონებებით, ნოსტალგიური და ალუზიური გარემოებებით, მელანქოლიითა და იდუმალი სიზმრებით.

 მაიკლი პირველად საქართველოში 2012 წელს ჩამოვიდა საერთაშორისო ვიზუალური ხელოვნების გამოფენის “პუნქტუმ კონტრა პუნქტუმ” I-სა და II-ის ფარგლებში. 2013 წელს კი საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში პირველი პერსონალური გამოფენა ”იმეჯინერიუმი” მოეწყო, სადაც მის ფოტონამუშევრებთან ერთად გამოიფინა ინსტალაცია “ქოლგის ქრონიკები III”. “ქოლგის ქრონიკების" ინსტალაციის იდეა მელბურნში, ავსტრალიაში Parlour-ის რეზიდენციის დროს გაჩნდა და მოგზაურობისას ხელოვანის ახალი შეგრძნებების, ემოციებისა და შინაგანი ბრძოლების ჭიდილს ასახავს.  არტისტი ასევე მონაწილეობდა პერსონალურ და ჯგუფურ გამოფენებში, რეზიდენციებში, სახელოვნებო ფესტივალებში, ლექციებსა და ვორკშოფებში მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, როგორიცაა: ავსტალია, აზერბაიჯანი, აშშ, გერმანია, ესპანეთი, იაპონია, ინგლისი, იტალია, ლიტვა, პოლონეთი, საქართველო, პოლონეთი, სერბეთი, სინგაპური, ფილიპინები და ტაივანი.  

საქართველოს ეროვნული მუზეუმის იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში ”ქოლგა თბილისი ფოტოს”  ფარგლებში წარმოდგენილი იქნება არტისტის ინსტალაცია ”ქოლგის ქრონიკები V”.

კურატორი: ანი დავარაშვილი